სიახლეები
:: ასსპა-ში იტალიის დელეგაციას უმასპინძლეს

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, თავმჯდომარის მოადგილეები: ასლან ლორთქიფანიძე და თამაზ თურმანიძე, ასსპა-ს ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძე, პალატასთან არსებული DCFT საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი ეკატერინე თარგამაძე და ასსპა-ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზირაქაშვილი იტალიის ქალაქ პეზაროს ვიცე-მერს ლუკა ბარტოლუჩის, ამავე ქალაქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ამერიგო ვაროტის, ტურისტული სააგენტოს დირექტორს ომბრეტა პეპეს და ქალაქ პეზაროს კულტურის ცენტრის დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ლეჟავას შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქების: ბათუმისა და პეზაროს დამეგობრების მნიშვნელობაზე. ქალაქ პეზაროს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 4 000-მდე კომპანიას აერთიანებს, რომელთა უმრავლესობა საერთაშორისო კომპანიებია. იტალიური მხარე მზადაა ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული და პროფესიული განათლების მიმართულებებით თანამშრომლობისათვის. ქალაქ პეზაროს წარმომადგენლებმა აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველი კლიპი ნახეს.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.