აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრების სამუშაო შეხვედრა.

71

აჭარის სავაჭრო-სამრწველო პალატაში აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. გურანდა გოგიტიძე, რომელიც დღემდე ასოციაციის მიერ შექმნილ ღია სივრცეს, “ქალთა ოთახს“ უწევდა კოორდინაციას, 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს ასოციაციას.

შეხვედრა ოფიციალურად გახსნა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ.

პალატის თავმჯდომარე მიესალმა ასოციაციის წევრებს, მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ აჭარის სავაჭრო პალატა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლებს   ასოციაციის წევრებთან  ბიზნეს საქმიანობის განვითარების მიმართულებით.

პალატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო დოლიძემ ასოციაციის წევრებს პალატის საქმიანობა, სერვისები და შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრაზე ასოციაციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე და ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრები  აირჩიეს, ასევე გაეცნენ და მხარი დაუჭირეს ასოციაციის განახლებულ წესდებას.

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ახალმა თავმჯდომარემ გურანდა გოგიტიძემ შეხვედრის მონაწილეებს ასოციაციის სამომავლო საქმიანობის შესახებ თავისი ხედვა გააცნო, ხაზი გაუსვა  ასოციაციის წევრების ჩართულობის მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის გაწერის პროცესში და ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

შეხვედრის ბოლოს აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, მაყვალა კვირიკაძეს, ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა.