აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა ისტორიულად იმ წინამორბედი ორგანიზაციების სამართალმემკვიდრეა, რომლებიც ადრეული ხანიდან – მე-19 საუკუნის მიწურულიდან  არსებობდნენ და ფუნქციონირებდნენ ძველი ბათუმის ფარგლებში. ასაკოვან ბათუმელებს კარგად ახსოვთ საზღვაო ნავსადგურთან არსებული ძველი რუსეთის იმპერიის დროინდელი საბაჟოს  შენობა, რომლის ფასადზეც გამოსახული იყო მერკურის სამმეტრიანი კვერთხი, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო პალატების სიმბოლოდ ითვლებოდა. ნიშანდობლივია, რომ ამავე შენობაში წლების განმავლობაში (შენობის დანგრევამდე) განთავსებული იყო აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

ამ დროებიდან და მოგვიანებით, 1917 წლის რევოლუციის შემდეგაც 1921 წლიდან ქ. ბათუმში მოქმედებდნენ სასაქონლო ბირჟები, რომელთა სტრუქტურაში ჩამოყალიბებული იქნა საბროკერო-საექსპერტო ბიუროები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ 1936 წლის მაისამდე, მანამ საბჭოთა კავშირის სახკომვაჭრობაში  შეიქმნა სავაჭრო-საშუამავლო კანტორები, რომლებმაც შეითავსეს სასაქონლო ექსოერტიზის ჩატარებისა და წარმოების ფუნქციები და შემდგომში მათ ბაზაზე ჩამოყალიბდნენ სასაქონლო ექსპერტიზის ბიუროები, რომლებიც გახდნენ სავაჭრო პალატების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი.

ექსპერტიზის გადაცემამ და მათმა შეყვანამ სავაჭრო-სამრეწველო პალატების სისტემაში გააუმჯობესა ექსპერტიზების ჩატარების ხარისხი, რადგანაც ექსპერტები სისტემატიურად იყვნენ დაკავებულები  საქონლის ხარისხისა და  რაოდენობის  შემოწმებით, რაც  აისახებოდა მათ კვალიფიკაციაზე, ასევე გამუდმებით მაღლდებოდა და იხვეწებოდა მათი  პროფესიონალიზმი, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა სახის საქონელზე მეთოდიკების შემუშავების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების უნიფიკაციაში.

ამ პერიოდისათვის 1937 წელს საქართველოში და  კერძოდ ბათუმში ჩატარებული იყო (სტატისტიკური მონაცემების თანახმად) 2400 ექსპერტიზა, რაც იმ დროისათვის შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

1946 წლიდან, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდგომ პერიოდში ქ. ბათუმში განახლდა სასაქონლო ექსპერტიზის ბიუროს ფუნქციონირება, რომელიც  როგორც ზემოთ მოგახსენეთ განთავსებული იყო აღნიშნულ შენობაში, ხოლო 1968წ. მის ბაზაზე აჭარაში დაარსდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აჭარის განყოფილება.

1990წ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აჭარის განყოფილების ბაზაზე შეიქმნა საგარეო-ეკონომიკური ფირმა „აჭარსაგარეოსერვისი“, რომელიც 2002 წლამდე, როცა შეიქმნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული კანონის „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ“ თავის უფლებამოსილებას განახორციელებდა, საქართველოს პრეზიდენტის 1995 წელს გამოცემული ბრძანებულებით, სავაჭრო პალატების ფუნქციონირების შესახებ.

2006 წლის 16 იანვრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი (კორპორატიულად ორგანიზებული) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრა კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ“ და რომლის სამართალმემკვიდრენი გახლავთ ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები.

აღნიშნული დადგენილება ეფუძნებოდა 2005 წლის 27 დეკემბერს ჩატარებულ საინიციატივო ჯგუფის კრების გადაწყვეტილებას, რომელშიც გაერთიანდა აჭარის არ ტერიტორიაზე რეგისტრირებული 115 კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირი.

დღეისათვის აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო  პალატა აჭარაში მოქმედი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც ნებაყოფლობით საფუძვლებზე აერთიანებს მეწარმეებს, ბიზნესმენებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, გამოდის რა მათი ინტერესების დამცველად სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების წინაშე როგორც აჭარაში, ასევე საქართველოსა და საზღვარგარეთ.