ბათუმი აგრარულ ფორუმს „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მასპინძლობს.

341

2023 წლის 5-6 ოქტომბერს ბათუმი აგრარულ ფორუმს „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მასპინძლობს.

ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე  და სხვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება  ბიზნეს ფორუმს და რეგიონის აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენას „AGRO BATUMI 2023“-ს აერთიანებს.

ფორუმი მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სექტორის საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენას, რეგიონის წამყვანი აგრარული, სოფლად მეწარმეობისა და სოფლად ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების მიმართულებით არსებული ტენდენციების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო  სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, გაიმართა აჭარის აგრარული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის პრეზენტაციები.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის აგრო ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აგრარულ სექტორში მოქმედი 50-ზე მეტი კომპანია, დარგობრივი ასოციაციები, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები და აჭარის აგრარული პოტენციალით დაინტერესებული პირები. გაიმართა ორმხრივი (B2B) შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებს შორის.