სიახლეები
:: 3 მარტი დედის დღეა

         „დედის დღე“ საქართველოში ქვეყნის პირველივე პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და მონდომებით 1991 წლიდან დაწესდა. მას საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.
         “დედის დღის” აღნიშვნის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ეს არის ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმა, თუმცა ამ დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს.
          თანამედროვე ეპოქაში „დედის დღის“ აღნიშვნის დაწესება და საერთო ზეიმად ქცევა ერთ-ერთი ვერსიით მეყვავილეებს ეკუთვნით და მას კომერციული საფუძველი ედო. თუმცა ისტორიული რეალობაა, რომ „დედის დღეს“ ამერიკის კონტინენტზე თავდაპირველად არაკომერციული მოსაზრებებით აღნიშნავდნენ. 1914-ში აშშ-ში „დედის დღე“ პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ინიციატივით ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების და არა მარტო მამაკაცების ყოველწლიური სამაისო „შტურმი“ ყვავილების მაღაზიებზე, ბუმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო. 1991 წლიდან კი უკვე საქართველოშიც აღინიშნება.
         ,,დედის დღე ” საბერძნეთში მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება, ამავე დროს აღნიშნავენ დედის დღეს ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც მათ შორის – აშშ, გერმანია, ავსტრია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია,იტალია, ფინეთი,შვეიცარია, ისლანდია, ჰოლანდია,ლატვა, ესტონეთი,მალტა, ბრაზილია, კანადა, ინდოეთი, კუბა,იაპონია,თურქეთი და ა. შ. თუმცა მაისის მეორე კვირა დღეს დედის დღის აღნიშვნა მსოფლიოში საერთაშორისო დღედ აღიარებული არ არის და ის სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ტრადიციების მიხედვით აღინიშნება, მაგალითად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ეს მარხვის პერიოდს უკავშირდება და ძირითადად მარტში აღინიშნება, ხოლო მაგალითად პოლონელები ამ დღეს 26 მაისს ზეიმობენ.
          აჭარის ა/რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ყველა დედას ულოცავს „დედის დღეს“, განსაკუთრებით კი - ქალ-მეწარმეებს და უსურვებს წარმატებებს, ბედნიერებას, შვილების წინსვლასა და ულევ სიხარულს