შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებთან
14.05.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებლის, ბანუ თერზიოღლუსა და თურქეთის რესპუბლიკის სავაჭრო ატაშეს ბათუმში, ჯანბერქ გუზელის ოფიციალური ვიზიტი შედგა. შეხვედრას პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე მასპინძლობდნენ.
მხარეებმა რეგიონებს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. პალატის თავმჯდომარემ სტუმრებს ბიზნესსექტორის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული მიმდინარე პროექტები გააცნო. მან ხაზი გაუსვა თურქი ინვესტორებისა და სავაჭრო პარტნიორების როლს რეგიონულ ეკონომიკაში და აღნიშნა, რომ პალატა კვლავაც იქნება აქტიური მედიატორი ბიზნესწრეებს შორის.
თავის მხრივ, გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა პალატის ხელმძღვანელობას მიღებისთვის და აღნიშნა, რომ საკონსულო აქტიურად დაუჭერს მხარს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას.




