სიახლეები

სავაჭრო პალატის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის ბაზრობა Canton Fair 2026-ზე

23.04.2026

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში Canton Fair 2026-ზე იმყოფებოდნენ.

ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის ბაზრობა Canton Fair 2026 არის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ბიზნესმენები საუკეთესო მომწოდებლების საძიებლად იკრიბებიან.

დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს ქართული ბიზნეს სექტორისთვის საერთაშორისო პარტნიორების წრის გაფართოებასა და გლობალურ ბაზარზე არსებული უახლესი ტექნოლოგიური ტრენდების გაცნობას.

კანტონის ბაზრობის 2026 წლის სესიები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ჭკვიან წარმოებასა და მწვანე ტექნოლოგიებზე. მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას ყოველდღიურ პროდუქციაში და ნახონ ეკომეგობრული წარმოების უახლესი სტანდარტები.

„კანტონის გამოფენა არ არის მხოლოდ სავაჭრო სივრცე – ეს არის ინოვაციების ეპიცენტრი. ჩვენი მიზანია, პალატის წევრ კომპანიებს შევუქმნათ პირდაპირი წვდომა მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ხარისხსა და ადგილობრივი წარმოების მოდერნიზებაზე,“ – განაცხადა პალატის თავმჯდომარემ.

მეწარმეებსა და კომპანიებს, რომელთაც სურთ გააფართოონ თავიანთი საქმიანობა და დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები ჩინელ მომწოდებლებთან, სავაჭრო პალატა სთავაზობს დახმარებას მომავალი (საშემოდგომო) სესიის ვიზიტის დაგეგმვაში; კონსულტაციებს რეგისტრაციისა და ლოგისტიკის საკითხებზე; პალატის ეგიდით ორგანიზებულ ბიზნეს-ტურებში მონაწილეობას.