სიახლეები

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური ბიზნესფორუმი

24.11.2026

20 ნოემბერს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და პალატასთან არსებული „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის» (ABWA) ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონში“ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი — „გაყიდვების ახალი ერა: სტრატეგიები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები“ გაიმართა.

ღონისძიებამ 250-მდე მეწარმე, ბიზნესლიდერი, დარგის ექსპერტი, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი გააერთიანა.

პანელური დისკუსიების ფარგლებში განიხილეს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის, ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და გაყიდვების ავტომატიზაციის თანამედროვე შესაძლებლობები. სახელმწიფო სააგენტოებისა (GITA, სოფლის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის დასაქმების სააგენტო) და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კი მონაწილეებს ბიზნესის დაფინანსებისა და მხარდაჭერის პროგრამები გააცნეს.

ფორუმზე მოეწყო ბიზნესგამოფენა, B2B და B4B შეხვედრების სივრცე. ღონისძიების ფარგლებში „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციას“ ოფიციალურად შეუერთდა 35 ახალი წევრი, ხოლო დასკვნით ნაწილში, სამეწარმეო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, 10 წარმატებული ქალი მეწარმე დაჯილდოვდა.