ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი წარმატებით ჩატარდა
10.11.2025
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით 2025 წლის 7 ნოემბერს ტრადიციულად ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქალ მეწარმეთა შესაძლებლობების გაძლიერება, პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური აქტიურობის წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონის ბიზნესგარემოს მდგრად განვითარებას.
წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იყო თანამედროვე ბიზნეს გამოწვევებზე, ესენია - მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიები, ინოვაციური მიდგომები ბიზნესში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საწარმოო პროცესებში და სხვა.
ეს თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალ მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის.
ფორუმმა აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი მეწარმე ქალები გააერთიანა და მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნა გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სპორტის სამინისტროებიდან.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აგრძელებს ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაში მათ ხელშეწყობას.


