ღონისძიება ,,შეხვედრა ბიზნესთან 2025
11.12.2025
2025 წლის 10 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ წარმატებით გამართა ღონისძიება — «შეხვედრა ბიზნესთან 2025».
ღონისძიება გახსნეს პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, რომლებმაც შეხვედრის მნიშვნელობაზე, ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებასა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს.
პირველი სესია დაეთმო პალატის განახლებულ სერვისებსა და განვითარების სტრატეგიას. მონაწილეებს წარედგინათ 2025 წლის საქმიანობის შეჯამება, ასევე წარმოდგენილი იყო 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ინიციატივებს ბიზნესსექტორის მხარდაჭერისა და რეგიონული ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა საჯარო–კერძო დიალოგი თემაზე „რეგიონის ბიზნესის გამოწვევები და შესაძლებლობები“. პალატის თავმჯდომარესთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ: ედნარ ნატარიძე — აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დენის სალუქვაძე — აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი, თინათინ ზოიძე — აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლელა გურგენაძე — შემოსავლების სამსახურის ბათუმის სერვისცენტრის ხელმძღვანელი. მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული ბიზნესგარემოს მიმდინარე მდგომარეობა, სექტორული გამოწვევების გადაჭრის გზები, სახელმწიფო მხარდაჭერის არსებული ინსტრუმენტები და კერძო სექტორის განვითარების პოტენციალი.
მესამე სესია წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ჯეჯელავას მასტერკლასით — „თანამედროვე მენეჯმენტი და ლიდერობა“, სადაც მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები ეფექტიანი მენეჯმენტისა და ლიდერობის თანამედროვე მიდგომებზე.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პალატის მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაში, თანამშრომლობის გაძლიერებაში და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაში.


