აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციას შეხვდა.
17.01.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციას შეხვდა.
დელეგაციას წარმოადგენდნენ სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სალიჰ ზეკი მურზიოღლუ, პალატის ასამბლეის პრეზიდენტი სულეიმან ჰიზირი, ვიცე-თავმჯდომარე ჰალუკ აკიუზი და პალატის სხვა წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი მრავალწლიანი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში არსებულ საერთო გამოწვევებზე ლოგისტიკის სფეროში.აღინიშნა, რომ ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს რეგიონში სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირების განვითარებას, სხვადასხვა ინსტიტუციას შორის ურთიერთნდობის განმტკიცებასა და ადამიანთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობას.მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმავონ პარტნიორობა და ერთობლივად იმუშაონ რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებაზე.
შეხვედრის დასასრულს აჭარისა და სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის ლოგისტიკისა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე.


