აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პოლატლის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
13.01.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის პოლატლის სავაჭრო პალატის დელეგაცია, გამგეობის თავმჯდომარის, ულვი საკარიას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პალატის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებიც.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ექსპორტის პოტენციალი, საინვესტიციო პროცესები, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორში არსებული შესაძლებლობები და რეგიონთაშორისი ვაჭრობის განვითარების პერსპექტივები.
ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პოლატლის სავაჭრო პალატას შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი შეხვედრებისა და აქტივობების ორგანიზებას, პროექტების მომზადებასა და ერთობლივად განხორციელებას, ასევე პარტნიორობას ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიმართულებებში.


