ბათუმის თაფლის ფესტივალი 2023

293

19-20 აგვისტოს  ბათუმში, ევროპის მოედანზე, თაფლის ფესტივალი  გაიმართა.

 

ღონისძიებას  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და სხვა ოფიციალური პირები  ესწრებოდნენ.

 

ბათუმის თაფლის ფესტივალი, რომელიც  ტრადიციულად აგვისტოში იმართება,  მიზნად

ისახავს მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობასა და  ქართული თაფლის პოპულარიზაციას.

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია  ქართული თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა და  ასოციაციებმა წარმოადგინეს. ორმოცამდე მეფუტკრემ აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებიდან  საუკეთესო ქართული თაფლის სხვადასხვა სახეობები და თაფლის  პროდუქტები შესთავაზეს ფესტივალის სტუმრებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი  ნივთები,სანთლები და კოსმეტიკური საშუალებები. ღონისძიების სტუმრებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ცოცხალი მუსიკა, მონაწილეობა მიეღოთ კონკურსებსა და სხვა  გასართობ ღონისძიებებში.

ფესტივალის დასასრულს მეფუტკრეებს ,,ბათუმის თაფლის ფესტივალი 2023’’-ში მონაწილეობის  სერტიფიკატები გადაეცათ.

თაფლის ფესტივალი აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების  ორგანიზებით და  აჭარის მთავრობისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების ფასილიტატორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და შვედეთის მიერ დაფინანსებული მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2.