პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის

668

შერატონ ბათუმში ადგილობრივ  ბიზნეს სექტორთან  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებული ვითარების განხილვა და კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის საჭიროებების მოსმენა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ბიზნეს სექტორისთვის წარმოდგენილი იყო პროფესიული უნარების სააგენტოსა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვისების პრეზენტაცია – უნარები ბიზნესისთვის. შეხვედრაზე  წარმოადგინეს პროგრამები და  მონაწილეებს არსებული სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს  საერთაშორისო  ორგანიზაციებმა [გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP ,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID, აზიის განვითარების ბანკი – ADB,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ ]

შეხვედრის ბოლოს რეგიონული განვითარების საჭიროებებთან დაკავშირებით ღია დისკუსია გაიმართა.