სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია ქალაქ კონიაში

343

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია სამდღიანი საქმიანი ვიზიტით თურქეთის ქალაქ კონიაში  იმყოფებოდა.

ვიზიტი, რომლის მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და საინვესტიციო კავშირების გაძლიერება იყო, Müsiad Batum/მუსიად ბათუმი-ის ორგანიზებით განხორციელდა.

პალატის დელეგაცია  სავაჭრო პალატის თავმჯდომარის  გიორგი რომანაძის  ხელმძღვანელობით ქ. კონიის სამრეწველო პალატას (KSO) ეწვია. დელეგაციას კონიას სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ნეჯიპ ჩიმენმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, იმსჯელეს კონიასა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაზრდის ხელშემწყობ მექანიზმებზე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “მუსიად კონია” ს წევრებთან,  შედგა  ორმხრივი  B2B მოლაპარაკებები თურქ და ქართველ ბიზნესმენებს შორის.  დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი ინდუსტრიული ზონები და სამრეწველო ობიექტები დაათვალიერეს: სამშენებლო მასალების კომპანია “უიზილბაშ ინშაათი”, ალუმინის პროფილების საწარმო  “ულუსანი” ,პლასტმასების საწარმო “ფეთექ პლასტი”,  ლიფტების საწარმო “SRL ელევატორ”, ბულდოზერების, გრეიდერების და ექსკავატორების სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი კომპანია სს “მოტუს”, რომელიც  მერსედესს, ბი ემ დაბლიუს და რენჯ როვერს მანქანის ნაწილებს აწვდის.

კონიას სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მ.ზაჰიდ ჩატლიმ, გამგეობის წევრმა იუსუფ კუჩუკემეკმა და MUSIAD-ის ბათუმის ფილიალის პრეზიდენტმა ჰამზა კოსემ სტუმრებს კონიას ინდუსტრიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  ნეჯიპ ჩიმენმა აღნიშნა, რომ გასულ წელს კონიიდან საქართველოში 38 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განხორციელდა და მზად არიან ყველა სახის მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღმოუჩინონ მეწარმეებს ექსპორტის გაზრდის  მიზნით.

სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ მადლობა გადაუხადა KSO-ს ვიცე-პრეზიდენტ ნეჯიპ ჩიმენს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შედეგად შესაძლებელი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, და გამოთქვა სურვილი უფრო მეტმა  თურქ მეწარმემ ისარგებლოს ამ უპირატესობით.

სავაჭრო პალატის დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და პალატის წევრი ბიზნესმენები.