ექსპორტის სტიმულირების პროგრამის პრეზენტაცია პალატაში

227

დღეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში  რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლების საპრეზენტაციო/საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა იყო.

პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს საექსპორტო  ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

ტექნიკური დახმარების კომპონენტი გავრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:  პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება; ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება/ საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლა.

პროგრამა 10-მდე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა), ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, მზა კვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სხვა კომპონენტების მეშვეობითაც აქტიურ დახმარებას უწევს კომპანიებს, რომ გახდნენ ექსპორტიორები. მაგალითად,  სააგენტო კომპანიებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, ასევე სთავაზობს ექსპორტის მენეჯერთა ტრენინგის კურსებს და სხვა.

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის  მეწარმეებსა და ბიზნესმენებთან,  უწევს საკონსულტაციო/საინფორმაციო  მომსახურებას  პროგრამის ბენეფიციარებს.