შეხვედრა ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან

955

2021 წლის 29 ოქტომბერს აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო პალატას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ  ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი აჰმეთ ილმაზი და მმართველთა საბჭოს წევრები, ბიზნესმენები, ასევე, თურქეთის დაპატენტების, დიზაინის და მარკირების სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და  მიზნად ისახავდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული თანამშრომლობის  განმტკიცებას, ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ახალი ეკონომიკური სტრატეგიის დასახვას, პანდემიის პირობებში ერთობლივი აქტივობებისა და ღონისძიებების განხორციელებას.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაცია“, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი.  „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი ინდუსტრიების განვითარებისთვის, როგორიცაა ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, პლასტმასის ნაწარმისა და სხვა. ,,დიაგონალური კუმულაცია” დამატებით სტიმულს მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში მეტი დამატებითი ღირებულების, ახალი საწარმოების, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას. შეიქმნება ბევრი ახალი კომპანია, მათ შორის ერთობლივი ქართულ-თურქული, რაშიც  სავაჭრო სამრეწველო პალატის როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.
შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა  თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.