დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მეფუტკრეებთან და თაფლის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო დარგში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვა და ერთობლივად გადაჭრის გზების დასახვა.
მეფუტკრეებს მიესალმნენ აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ბოლქვაძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციონისტმა მეფუტკრეობაში როლანდ ღოღობერიძემ ისაუბრა დარგის განვითარების თანამედროვე მიდგომებზე, აღნიშნა, რომ დარგი უნდა ვითარდებოდეს ქვემოდან ზემოთ და არსებული პრობლემების გადაჭრის გზები უნდა დაისახოს ასოციაციებში.
ასოციაციის წევრმა, გიორგი ბერუჩაშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია მეფუტკრეობაში არსებული სირთულეების შესახებ, ისაუბრა დარგის პერსპექტივებსა და დაგეგმილ აქტივობებზე.
შეხვედრა აქტიური მსჯელობის ფორმატში მიმდინარეობდა.