საინვესტიციო გარემოს შეფასება საქართველოში

271

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ,- ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას აღნიშნული კვლევის დასაწყებად 2019 წლის დასაწყისში მიმართა.

„მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა. საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index. აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია 82 ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ლუქსემბურგი, პორტუგალია, სლოვენია, რუმინეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი. ამავე დროს საქართველოს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ისეთი განვითარებული ეკონომიკური ქვეყნებისა, როგორიცაა ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესპანეთი, გერმანია, მონტენეგრო, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია. ასევე ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის მაჩვენებელი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ აქტიურად განახორციელა რეფორმები ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რამაც განაპირობა მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა და 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგებმა (FDI stock) მშპ-ს 100% – ზე მეტი შეადგინა. ამჟამად საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების და უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაობის კუთხით და წარმოადგენს წარმატების მაგალითს სხვა ქვეყნებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანმიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

კვლევის თანახმად, COVID-19 პანდემიას საქართველოზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად აქვს უპრეცენდენტო ეკონომიკური შედეგები. ამავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო მყისიერი მონეტარული და ფისკალური ზომები ჯანდაცვის სექტორის და რისკის ქვეშ მყოფი კომპანიების დასახმარებლად. კვლევის თანახმად, სახელმწიფო ინვესტიციებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანიო როლი მიენიჭება როგორც უცხოურ, ისე შიდა კერძო ინვესტიციებს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ მაღალია საქართველოს ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, თუმცა ინვესტიციების სარგებელი სრულად არ არის რეალიზებული დასაქმებისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით. კვლევის თანახმად, საინვესტიციო კანონმდებლობა აყალიბებს თანაბარ პირობებს უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს შორის და წარმოადგენს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

მიუხედავად ყველა წარმატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებისა, OECD აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, რათა საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტორებისთვის.

კვლევაში ასევე აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ჯაჭვში ინვესტიციების მოზიდვის საჭიროება. ინვესტიცია აგროსასურსათო ღირებულების ჯაჭვებში ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდის გაძლიერებას, შემოსავლების ზრდას, სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, სოფლის განვითარების მხარდაჭერას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია საპასუხისმგებლო ბიზნეს ქცევის (RBC – Responsible Business Conduct) განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.