22.07-24.07.2021 აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა უკრაინის ბიზნესისა და ვაჭრობის ასოციაციის (UTBA) წევრი ბიზნესმენები, ასოციაციის მმართველი თავმჯდომარის ბ.ნი დიმიტრი ლოსის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონსა და საქართველოში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებთან B2B შეხვედრა, ფოთის პორტის ხელმძღვანელობასთან და პორტის კომერციულ განყოფილებასთან შეხვედრები და ასევე აჭარაში სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის დათვალიერება მათი სამუშაო გამოცდილების გაზიარების მიზნით.
უკრაინული დელეგაციის წევრები ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას წარმოადგენდნენ: ზეთის საექსტრაქციო ქარხანა, ხორცკომბინატი, სუნელების წარმოება, სავაჭრო სახლი, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო დანიშნულების სავენტილაციო მოწყობილობა.
23.07.2021. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უკრაინის ბიზნესისა და ვაჭრობის ასოციაციის (UBTA) წევრებსა და ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შედგა დაგეგმილი B2B შეხვედრები. დაინტერესებული კომპანიები შეხვდნენ თავიანთ კოლეგებს, განიხილეს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ორივე ქვეყნის მეწარმეების ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე. მან ისაუბრა უკრაინას და საქართველოს რეგიონებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთქმედების და თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში დელეგაციის მიერ ჩატარებული შეხვედრები და მოლაპარაკებები ამ პროცესებს შეუწყობენ ხელს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით უკრაინელი ბიზნესმენები შეხვდნენ ფოთის პორტის ხელმძღვანელობასა და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებს, დაათვალიერეს და გაეცნენ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობის სპეციფიკას.