Home Blog Page 2

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლობის ვიზიტი პალატაში

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შრომის უსაფრთხოების პროექტის გახორციელების თემაზე შეხვედრა გაიმართა. პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო, ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სფეროში აჭარაში პრაქტიკული ტექნოპარკის მოწყობას, სადაც შრომის უსაფრთხოების ნაწილში გადამზადდებიან სამშენებლო, საწარმოო და ტურისტული კომპანიების დასაქმებულები, შრომის უსაფრთხოების  ექსპერტები და ა.შ.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტის  შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ლეა ზეპენფელდი და ანსგარ იოზეფი, გერმანიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ექსპერტთა ასოციაციის პრეზიდენტი კარლჰაინც კალენბერგი,  ააიპ „ბიზნეს საქართველოს” ხელმძღვანელი მიშა კორძახია, სავაჭრო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და ექსპერტიზა-სერტიფიცირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი სამნიძე.

საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან

საქართველოს კონკურენციიის სააგენტოს წარმომადგენლობამ აჭარაში, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად,  საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეებიისთვის.

შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნესის  წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები და მერიის წარმომადგენლები სოფლებში.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში ტარიელ გიორგაძემ საზოგადოებას კონკურენციის სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონისა და კონკურენციიის გაძლიერების მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა  ედნარ ბოლქვაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის მონაწილეებს თუ რა მომსახურებებს სთავაზობს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ადგილობრივ ბიზნეს.

შეხვედრების მიზანი იყო საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება, ერთის მხრივ ბიზნესის, რომ აცილებული იქნას თავიდან ინფორმაციის ნაკლებობის გამო გამოწვეული დარღვევები, და მეორეს მხრივ, მოხმარებლებმა როგორ და რა გზებით მოახდინონ თავიანთი ინტერესების დაცვა.

აღნიშნული ღონისძიება აჭარის მთავრობისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.

  

ბათუმში ბიზნეს ფორუმი “Energy for Business” გაიმართა.

ბათუმში ‘’ეკონომიკური თანამშრომლობა ევროპასთან’’ (CASPIAN ENERGY CLUB)-ის ინიციატივით  ბიზნეს ფორუმი გაიმართა. აზერბაიჯანულ დელეგაციას წარმოადგენდა CASPIAN ENERGY CLUB-ის ხელმძღვანელობა და სხვადასხვა ბიზნეს სფეროს წარმომადგენელები.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა Energy Club Georgia-ს თავმჯდომარემ ნათიქ მამედოვმა.  მონაწილეებს მიესალმნენ Caspian Energy Club-ის თავმჯდომარე და ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი თელმან ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული  ქ. ბათუმში პარვიზ ისმაილზადა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე.

ფორუმის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის ორმხრივი B2B შეხვედრები გაიმართა.

Caspian Energy Club 5 000–ზე მეტ კომპანიას და ორგანიზაციას აერთიანებს 50 ქვეყნიდან. კლუბი 2002 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია ბიზნესი–ხელისუფლების დიალოგის გააქტიურება, საინვესტიციო და საქმიანი გარემოს გაუმჯობესება აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში, ასევე B2G, B2B და B2C ფორმატებში დიალოგის სტიმულირება და მათში აქტიური მონაწილეობა.

შეხვედრის ბოლოს Energy Club Georgia-ს თავმჯდომარემ ნათიქ მამედოვმა  პალატის თამჯდომარეს გიორგი რომანაძეს Caspian Energy Club-ის საპატიო წევრობის სერტიფიკატი გადასცა.

 

დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაცია პალატაში

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას წარმოადგენდნენ მუსიადის გენერალური თავმჯდომარე მაჰმუთ ასმალი, მოადგილე დავუთ ალთუნბაში, გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქააღან ილმაზი, მუსიადის მმართველთა საბჭოს წევრები და თავმჯდომარეები.

შეხვედრაზე მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და საქართველოში წარმოების გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

გიორგი რომანაძე მიესალმა დელეგაციის წევრებს და აღნიშნა, რომ საქართველო–თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები საუკეთესო  მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის. აღნიშნულზე ასევე პოზიტიურად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და  საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება. ამ მიმართულებით სავაჭრო პალატა აქტიურად ითანამშრომლებს თურქულ მხარესთან.

ასოციაციის გენერალურმა თავმჯდომარემ მაჰმუდ ასმალმა “MUSAID”-ის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ, თურქული გამოცდილება და აჭარის ეკონომიკური პოტენციალი ერთად ბევრ სარგებელს მოუტანს თურქულ და ქართულ ბიზნესს.

მუსიადის გენერალურმა თავმჯდომარემ ქართული მხარე საპასუხო ვიზიტით თურქეთში მიიწვია.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბათუმის თაფლის ფესტივალი 2023

19-20 აგვისტოს  ბათუმში, ევროპის მოედანზე, თაფლის ფესტივალი  გაიმართა.

 

ღონისძიებას  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და სხვა ოფიციალური პირები  ესწრებოდნენ.

 

ბათუმის თაფლის ფესტივალი, რომელიც  ტრადიციულად აგვისტოში იმართება,  მიზნად

ისახავს მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობასა და  ქართული თაფლის პოპულარიზაციას.

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია  ქართული თაფლის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა და  ასოციაციებმა წარმოადგინეს. ორმოცამდე მეფუტკრემ აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებიდან  საუკეთესო ქართული თაფლის სხვადასხვა სახეობები და თაფლის  პროდუქტები შესთავაზეს ფესტივალის სტუმრებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი  ნივთები,სანთლები და კოსმეტიკური საშუალებები. ღონისძიების სტუმრებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ცოცხალი მუსიკა, მონაწილეობა მიეღოთ კონკურსებსა და სხვა  გასართობ ღონისძიებებში.

ფესტივალის დასასრულს მეფუტკრეებს ,,ბათუმის თაფლის ფესტივალი 2023’’-ში მონაწილეობის  სერტიფიკატები გადაეცათ.

თაფლის ფესტივალი აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების  ორგანიზებით და  აჭარის მთავრობისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების ფასილიტატორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და შვედეთის მიერ დაფინანსებული მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2.

   

ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი პალატაში.

ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ერქუთ ჩელები აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვია.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკას და ამ კუთხით, რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატების მნიშვნელოვან როლს.

შეხვედრაზე მხარეებმა  რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, დაიგეგმა სამუშაო ვიზიტი ტრაპიზონში.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ თურმანიძე, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

შეხვედრა ლიეტუვის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში   ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს  საგრანტო პროექტის  „ეკონომიკური ზრდა საქართველოს რეგიონებში,  მეცხოველეობის სექტორის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება ევროკავშირის და საერთაშორისო  მოთხოვნების შესაბამისად,  ექსპორტის შესაძლებლობა  საზოგადოებაში”   ფარგლებში  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილებდნენ ლიეტუვის მეცხოველეობის ჯიშთგანახლების ასოციაციის თავმჯდომარე ვილიუს რექსტისი, ასოციაციის წევრები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები,  სავაჭრო პალატის  თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და ექსპერტიზა-სერტიფიცირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი სამნიძე.

პროექტი, რომლის პარტნიორია აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიზნად ისახავს ევროპული გამოცდილება  მეცხოველეობის სექტორში ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების ზრდისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კლიმატ – გონივრული პოლიტიკის მიმართულებით, გააცნოს აღნიშნული დარგის  მეწარმე სუბიექტებს. აჭარის სავაჭრო პალატა, როგორც სავაჭრო-სამრეწველო ურთიერთობების მხარე რეგიონში, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის მიმართულებით ევროპაში არსებულ გამოცდილებას მიიტანს მეცხოველეობის სექტორის მეწარმე სუბიექტებთან.

 

თანამშრომლობა მუსიად ბათუმთან და B2B  შეხვედრები თურქ და ქართველ ბიზნესმენებს შორის

აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე  Müsiad Batum / მუსიად ბათუმი-ს თავმჯდომარეს ჰამზა ქოსეს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, იმპორტ-ექსპორტის საკითხები  და ამ მიმართულებით სავაჭრო პალატასა და მუსიად ბათუმს შორის თანამშრომლობის საკითხები იყო.

ამ თანამშრომლობისა და მუსიად ჩორუმისა და მუსიად სამსუნის ბათუმში ვიზიტის  ფარგლებში ჩატარდა ორმხრივი  B2B  შეხვედრები თურქ და ქართველ ბიზნესმენებს შორის.  შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ თურქული კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან: ენერგეტიკა და გარემოს მრეწველობა, ქიმიური, ლითონის და სამთო მრეწველობა, ტექსტილის, ტყავის და ტანსაცმლის მრეწველობა, მომსახურების ინდუსტრია, IT სექტორი, მშენებლობა და სამშენებლო მასალები, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა.

პალატის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ  დაემყარებინათ ბიზნეს კავშირები მსხვილ თურქულ კომპანიებთან, განეხილათ საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.

პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის

შერატონ ბათუმში ადგილობრივ  ბიზნეს სექტორთან  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებული ვითარების განხილვა და კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის საჭიროებების მოსმენა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ბიზნეს სექტორისთვის წარმოდგენილი იყო პროფესიული უნარების სააგენტოსა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვისების პრეზენტაცია – უნარები ბიზნესისთვის. შეხვედრაზე  წარმოადგინეს პროგრამები და  მონაწილეებს არსებული სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს  საერთაშორისო  ორგანიზაციებმა [გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP ,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID, აზიის განვითარების ბანკი – ADB,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ ]

შეხვედრის ბოლოს რეგიონული განვითარების საჭიროებებთან დაკავშირებით ღია დისკუსია გაიმართა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია ქალაქ კონიაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია სამდღიანი საქმიანი ვიზიტით თურქეთის ქალაქ კონიაში  იმყოფებოდა.

ვიზიტი, რომლის მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და საინვესტიციო კავშირების გაძლიერება იყო, Müsiad Batum/მუსიად ბათუმი-ის ორგანიზებით განხორციელდა.

პალატის დელეგაცია  სავაჭრო პალატის თავმჯდომარის  გიორგი რომანაძის  ხელმძღვანელობით ქ. კონიის სამრეწველო პალატას (KSO) ეწვია. დელეგაციას კონიას სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ნეჯიპ ჩიმენმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, იმსჯელეს კონიასა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაზრდის ხელშემწყობ მექანიზმებზე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “მუსიად კონია” ს წევრებთან,  შედგა  ორმხრივი  B2B მოლაპარაკებები თურქ და ქართველ ბიზნესმენებს შორის.  დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი ინდუსტრიული ზონები და სამრეწველო ობიექტები დაათვალიერეს: სამშენებლო მასალების კომპანია “უიზილბაშ ინშაათი”, ალუმინის პროფილების საწარმო  “ულუსანი” ,პლასტმასების საწარმო “ფეთექ პლასტი”,  ლიფტების საწარმო “SRL ელევატორ”, ბულდოზერების, გრეიდერების და ექსკავატორების სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი კომპანია სს “მოტუს”, რომელიც  მერსედესს, ბი ემ დაბლიუს და რენჯ როვერს მანქანის ნაწილებს აწვდის.

კონიას სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მ.ზაჰიდ ჩატლიმ, გამგეობის წევრმა იუსუფ კუჩუკემეკმა და MUSIAD-ის ბათუმის ფილიალის პრეზიდენტმა ჰამზა კოსემ სტუმრებს კონიას ინდუსტრიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  ნეჯიპ ჩიმენმა აღნიშნა, რომ გასულ წელს კონიიდან საქართველოში 38 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განხორციელდა და მზად არიან ყველა სახის მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღმოუჩინონ მეწარმეებს ექსპორტის გაზრდის  მიზნით.

სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ მადლობა გადაუხადა KSO-ს ვიცე-პრეზიდენტ ნეჯიპ ჩიმენს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შედეგად შესაძლებელი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, და გამოთქვა სურვილი უფრო მეტმა  თურქ მეწარმემ ისარგებლოს ამ უპირატესობით.

სავაჭრო პალატის დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე და პალატის წევრი ბიზნესმენები.