სიახლეები
:: კრაკოვში ადგილობრივი ხელისუფლების მე-5 ევროპული კონგრესი გაიმართა

მიმდინარე წლის 8-9 აპრილს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ადგილობრივი ხელისუფლების მე-5 ევროპული კონგრესი გაიმართა. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ ასლან ლორთქიფანიძემ და პალატის წევრი კომპანიის „შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ გოლდენ სიი“-ს დირექტორმა ლეილა გოგიტიძემ. ასლან ლორთქიფანიძემ პანელზე „საპორტო ქალაქების როლი თანამედროვე ევროპაში“ წარადგინა მოხსენება თემაზე - „ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის როლი ევროპისთვის“. ლეილა გოგიტიძემ პანელზე- „ადგილობრივი პროდუქტი - გლობალური წარმატება“ გააკეთა მოხსენება თემაზე - „ბათუმის კოლეჯები დუალური განათლებისთვის“.
ასლან ლორთქიფანიძემ კონგრესის მონაწილეებს ქალაქ ბათუმის პორტისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბათუმის პორტი ერთერთი ყველაზე ღრმა პორტია შავი ზღვის საპორტო ქალაქებს შორის. ქალაქი მიმზიდველია ევროპელი და სხვადასხვა ქვეყნების ტურისტებისათვის წელიწადის ყველა დროს მისი ისტორიული უბნების, ულამაზესი ბუნებისა და ბრენდული სასტუმროების გამო. ლეილა გოგიტიძემ ისაუბრა ბათუმის პროფესიულ სასწავლებლებში დუალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და განხორციელების პროცესზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დეფიციტურ, მოთხოვნად პროფესიებზე ქართველი მუშახელი დააინტერესებს მისი კარგი კვალიფიკაციისა და პოტენციური დამსაქმებლებისათვის ხელსაყრელი ანაზღაურების გამო. აჭარის პროფესიული კოლეჯები, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან მოამზადონ და გადაამზადონ დეფიციტურ პროფესიებზე შესაბამისი კადრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომუშავე კომპანიებისათვის.
ღონისძიება „აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა და მას ევროპის სხვადასხვა რეგიონის 2000-ზე მეტი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა. ასსპა-ს წარმომადგენლები ეკონომიკურ ფორუმზე კრაკოვის მერის იაცეკ მაჩროვსკის და ღონისძიების ორგანიზატორის ზიგმუნდ ბერდიჩოვსკის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ.