სიახლეები
:: მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების ახალი სტანდარტის პრეზენტაცია

ბათუმში, სასტუმრო „შერატონ“-ში, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების ახალი სტანდარტის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ და კარგი მმართველობის პროექტის მენეჯერმა ნინი ელიაშვილმა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მე-4 კატეგორიის საწარმოების წარმომადგენლების ინფორმირებას ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტის შესახებ, ასევე, სტანდარტის თვითსწავლების დოკუმენტის გაცნობას.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური დახმარების პროექტის - „ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების გაუმჯობესება მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის“ ფარგლებში, ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავდა ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტი, რომელიც სამსახურმა დაადგინა 2018 წლის 1 ივლისამდე, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მე-4 კატეგორიის საწარმოების, მათ შორის ქალის საკუთრებაში არსებული საწარმოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.