სიახლეები
:: ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ასსპა-ში

მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საკონფერენციო დარბაზში იმართება საინფორმაციო შეხვედრა ცხოველთა რეგისტრაციის სისტემის (NAITS) შესახებ. აჭარა რიგით მეშვიდე რეგიონია, სადაც ცხოველთა რეგისტრაციის სისტემის (NAITS) შესახებ საინფორმაციო შეხვედრები იმართება. შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისის მიზანია, ვეტერინარებს, სასაკლაოს მფლობელებსა და ფერმერებს მიეწოდოთ ინფორმაცია ცხოველთა რეგისტრაციის სისტემისა (NAITS) და იმ ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის თანახმადაც სასაკლაოები 2018 წლის პირველი იანვრიდან ვეღარ მოემსახურებიან არაიდენტიფიცირებულ საქონელს.
2018 წლის პირველი იანვრიდან, მსხვილფეხა საქონელი, რომელიც არ იქნება იდენტიფიცირებული საყურე ნიშნებით, ვეღარ დაიკვლება სასაკლაოზე. იდენტიფიცირებულად ითვლება საქონელი, რომელსაც ერთ, ან ორივე ყურზე დამაგრებული აქვს შესაბამისი საყურე ნიშანი. (2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლისთვის დასაშვებია ცალი საყურე ნიშანი, ხოლო 2014-დან ორი საყურე) 2014 წლამდე იდენტიფიცირებული საქონლის საყურე ნიშანზე განთავსებულია შვიდ ნიშნა უნიკალური კოდი, ხოლო 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის საიდენტიფიკაციო ნომერი რვა ნიშნიანია. საყურე ნიშნები, ერთი მხრივ, იძლევა ცხოველთა იდენტიფიკაციის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, იგი ინახავს ინფორმაციას ბრუცელოზის აცრის შესახებ. 
აჭარა, მეცხოველეობის კუთხით გამორჩეული რეგიონია, გარდა იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში მეცხოველეობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რეგიონს გამოარჩევს მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის დიდი ოდენობა ქვეყანას სწორედ აჭარიდან ტოვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აჭარაში არსებული ყველა, კერძო თუ სახელწიფო ოპერატორი მომზადებული შეხვდეს ახალ რეგულაციას. კამპანიის ფარგლებში, სასაკლაოს მფლობელებს, კერძო და სახელმწიფო ვეტერინარებს, ხორცპროდუქტების მწარმოებლებს, ამომწურავი ინსტრუქციები, გაიდლაინები და საინფორმაციო პოსტერები გადაეცათ, მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილებისთვის. NAITS პროექტის განხორციელებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო.