სიახლეები
:: სამუშაო შეხვედრა მარიკულტურის განვითარების პერსპეტივების შესახებ

საქართველოში მარიკულტურის - საზღვაო ფერმერობის განვითარების პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია ,,ფორეჯის“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე და ორგანიზაცია ,,ფლორა და ფაუნას“ წარმომადგენლები: ილია გუჩმანიძე და რამაზ მიქელაძე. 
შეხვედრაზე განხილული იქნა, ,,ფლორა და ფაუნას“ ორგანიზებით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის: ,,მარიკულტურა - გზა ახალი შესაძლებლობებისკენ“ ძირითადი მიზნები და ამოცანები. ფართოდ წარმოჩინდა საქართველოში მარიკულტურის სფეროს შემაფარხებელი ფაქტორები და ხაზი გაესვა, რომ მოცემული სექტორის განვითარებისათვის, აუცილებელი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების, ბიზნეს აქტივობის წახალისების და სპეციალისტების მომზადების მიმართულებებზე. 
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, მიმდინარე კვირას, უფრო ფართო ფორმატის შეხვედრის ორგანიზებაზე, სადაც დაინტერესებული მხარეების (სახელმწიფო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს კომპანიები, სამეცნიერო წრეები) ჩართულობით, დეტალურად განიხილება ის კონკრეტული მექანიზმები, რომლებმაც საქართველოში მარიკულტურის განვითარებისათვის ხელსაყრელი სასტარტო პირობები უნდა შექმნას და ხელი შეუწყოს საზღვაო ფერმერობის სფეროში ინვესტიების განხორციელებას.