სიახლეები
:: სასტუმრო “რედისონში“ ბიზნეს ფორუმი „აჭარა-მოგილიოვი“ ჩატარდა

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს სასტუმრო “რედისონის“ საკონფერენციო დარბაზში ასსპა-სა და აჭარის ა.რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი „აჭარა-მოგილიოვი“ ჩატარდა. ფორუმი აჭარის ა.რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გახსნა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მოგილიოვის ოლქის ხელმძღვანელი ვლადიმერ დომანევსკი ოფიციალური დელეგაციის წევრებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ა.რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გამართა.
ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტების, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციების, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრების, აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და ბელარუსში წარმოების სხვადასხვა სექტორის, სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომამდგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმის ფარგლებში ქართული და ბელორუსული კომპანიების წარმომადგენლებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მოგილიოვის „რეგიონალური განვითარების სააგენტოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ქართველ მეწარმეებს თავიანთი პროდუქტის ბელარუსიის ბაზარზე გატანის შესაძლებლობას მისცემს. „რეგიონალური განვითარების სააგენტო“ მეწარმეებს ახალი პარტნიორების პოვნაში ხელს შეუწყობს, გარდა ამისა საკანონმდებლო რეგულაციების კუთხით კონსულტაციებს გაუწევს და საჭირო ლიცენზიების მოპოვებაში დაეხმარება.
ბიზნეს ფორუმს აჭარის ა.რ მთავრობის წევრები, სხვა ოფიციალური პირები და კერძო სექტორის ჯამში 100-მე წარმომადგენელი ესწრებოდა.