სიახლეები
:: საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმი სტამბოლში

2017 წლის 17 თებერვალს თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სასტუმრო „ინტერკონტინენტალი“ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლებს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თურქეთში ქართული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორია. მსგავსი ფორმატის ბიზნეს-ფორუმი ამ სამ ქვეყანას შორის უკვე მეხუთედ იმართება. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით სამი ქვეყნის მინისტრები - გიორგი გახარია, საჰირ მუსტაფაევი და ნიჰათ ზეიბექჩი გახსნიან. 

სამი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები ტრანსპორტი და რკინიგზა იქნება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პირისპირ შეხვედრები სამი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან როგორც თურქეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. 
ფორუმის სფეროები განისაზღვრება ქართული კომპანიების ინტერესების შესაბამისად. ამ დროისთვის გამოკვეთილი სექტორებია: რკინიგზა, ტურიზმი, სადაზღვევო სექტორი, მსუბუქი მრეწველობა, სამედიცინო ტურიზმი, ფარმაცევტიკა, სამედიცინო საქმიანობა, თევზჭერა, ხიზილალის მოპოვება.
ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მიღების მსურველებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ან აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას.