Home Blog

უკრაინული დელეგაციის ვიზიტი პალატაში

22.07-24.07.2021 აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა  უკრაინის ბიზნესისა და ვაჭრობის ასოციაციის (UTBA) წევრი ბიზნესმენები,  ასოციაციის მმართველი თავმჯდომარის ბ.ნი დიმიტრი ლოსის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონსა და საქართველოში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებთან B2B შეხვედრა, ფოთის პორტის ხელმძღვანელობასთან და პორტის კომერციულ განყოფილებასთან შეხვედრები და ასევე აჭარაში სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის დათვალიერება მათი სამუშაო გამოცდილების გაზიარების მიზნით.

უკრაინული დელეგაციის წევრები ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას  წარმოადგენდნენ: ზეთის საექსტრაქციო ქარხანა, ხორცკომბინატი, სუნელების წარმოება, სავაჭრო სახლი, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო დანიშნულების სავენტილაციო მოწყობილობა.

23.07.2021. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უკრაინის ბიზნესისა და ვაჭრობის ასოციაციის (UBTA) წევრებსა  და ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შედგა დაგეგმილი B2B შეხვედრები.  დაინტერესებული კომპანიები შეხვდნენ თავიანთ კოლეგებს, განიხილეს  სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ორივე ქვეყნის მეწარმეების  ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო  პალატის  თავმჯდომარე  გიორგი რომანაძე. მან ისაუბრა უკრაინას და საქართველოს რეგიონებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთქმედების და თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში დელეგაციის მიერ ჩატარებული შეხვედრები და მოლაპარაკებები ამ პროცესებს  შეუწყობენ ხელს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის  ორგანიზებით  უკრაინელი ბიზნესმენები შეხვდნენ ფოთის პორტის ხელმძღვანელობასა და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებს,  დაათვალიერეს და გაეცნენ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობის სპეციფიკას.

ჟიტომირის  სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

12.07.2021 აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჟიტომირის  სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ უკრაინის, ჟიტომირის მხარის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ანდრეი მიხაილოვს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო  პერსპექტივებზე და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ბ-მა ანდრეი მიხაილოვმა  შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ჟიტომირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: სამრეწველო და სასურსათო საქონლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ექსპერტიზა;  სახალხო მოხმარებისა და საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების საქონლის შეფასება;  ბროკერული მომსახურება; სასაქონლო კოდების დადგენა ნაწარმოებ პროდუქციაზე და სხვა.

თავის მხრივ, ბ-მა გიორგი რომანაძემ დაწვრილებით ისაუბრა აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაზე, ფუნქციებსა და მიზნებზე.

შეხვედრაზე აჭარის ა/რ და ჟიტომირის  სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და ჟიტომირის  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ანდრეი მიხაილოვმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჟიტომირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი იულია პერეპელიცა, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ჯუმბერ ტუღუში და ნუგზარ მიქელაძე.

კიევის საერთაშორისო პარტნიორი პალატების კლუბის სამიტი

მიმდინარე წლის 30 ივნისს კიევის საერთაშორისო პარტნიორი პალატების კლუბის მესამე სამიტი ჩატარდა. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სამიტი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა.
სამიტში მონაწილეობა მიიღო აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ.
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2019 წლიდან კიევის საერთაშორისო პარტნიორი პალატების კლუბის წევრია.
კიევის საერთაშორისო პარტნიორი პალატების კლუბის საქმიანობა მიზნად ისახავს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში ძალისხმევის გაერთიანებას და კოორდინაციას, რაც ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის ზრდას და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების დამყარებას.
პარტნიორი პალატების კლუბის მესამე სამიტში მონაწილეობდნენ უკრაინის, ავსტრიის, კანადის, ბელორუსის, საქართველოს, იტალიის, ლიეტუვის, მოლდოვას, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ხორვატიის, გერმანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პალატების წარმომადგენლები.
სამიტზე ხაზი გაესვა რეგიონთაშორისი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და სავაჭრო-სამრეწველო პალატების როლს ამ პროცესში.
შეხვედრაზე მონაწილეებმა დრო დაუთმეს პანდემიის პირობებში მუშაობის გამოცდილების გაზიარებას, განიხილეს სამომავლო გეგმები, გაეცნენ და მიიღეს კლუბის ახალი წევრები – პარტნიორი პალატების ხელმძღვანელები.

ონლაინ შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:გელა ჯაფარიძე – ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, გიორგი ფიფია – საქართველოს საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი რომანაძე -აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავჯდომარე, ნინო დოლიძე – აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავჯდომარის პირველი მოადგილე, ნუგზარ მიქელაძე – აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ შავაძე – აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი საინვესტიციო საკითხებში, ლაშა ბოლქვაძე – აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში, ნათია სურმანიძე – აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის საინვესტიციო და საექსპორტო ურთიერთობების სპეციალისტი.
თურქულ მხარეს წარმოადგენდნენ: აჰმეთ ილმაზი – ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, მუჰარემ იარალი – ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს პრეზიდენტი, აიჰან სონკაია – ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოადგილე, ქერიმ ჩაკირი – ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის აპარატის წევრი, ბაჰატინ ილმაზი – ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მურატ საღლამი – ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი, მექმედ სევენი – ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი, კამალეტინ დურმუჩი – ჩარშამბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი, ტუღბა ებრუ უზალი – ბრენდების პატენტის წარმომადგენელი და ანტრეპრენიორი.
შეხვედრის მიზანი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის მიმოხილვა. მხარეებმა ისაუბრეს პალატების საქმიანობაზე პანდემიის პირობებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებულ ვითარებაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და ამ კუთხით, ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. დაისახა მომავალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.
ონლაინ კონფერენციამ პოზიტიურად და ნაყოფიერად ჩაიარა. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო კომუნიკაციაზე და სურვილი გამოთქვეს ორმხრივ ვიზიტებზე.

სადაზღვევო კომპანია ევროინსის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და თავმჯდომარის მოადგილე თამაზ თურმანიძე ევროჰოლდინგის წევრ სადაზღვევო კომპანია ევროინსის აჭარა-გურიის სააგენტოს უფროსს კახაბერ ახალაძესა და სააგენტოს კორპორატიული გაყიდვების უფროს მენეჯერს მაია ცინცაძეს შეხვდნენ.
კომპანია ქართულ ბაზარზე სრულად ნერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე.
ევროინსი მომხმარებელს სადაზღვეევო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილების და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე განავითაროს დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები საქართველოში.
სადაზღვევო კომპანია ევროინსი აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი გახდა.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის დაზღვევის მიმართულებას.

ვიზიტი ბათუმის ტექნოპარკში

დღეს აჭარის ა.რ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონალური ცენტრის_ ბათუმის ტექნოპარკის  მენეჯერს ქეთევან ბულისკერიას შეხვდნენ.  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა დეტალურად  ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე.

ქეთევან ბულისკერიამ აღნიშნა, რომ  ტექნოპარკის მანდატია ეკონომიკის ყველა დარგში შეიტანოს ინოვაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას ამ მიმართულებით რეგიონში დიდი პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს.

ბათუმის ტექნოპარკის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

შეხვედრაზე გამოითქვა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა პალატის წევრებთან ტექნოპარკის სერვისების გაცნობის მიზნით, ასევე ვორქშოფების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს  ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების პრობლემების გამოკვეთას. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე საგრანტო პროექტების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს  გიორგი რომანაძემ დაათვალიერა  ტექნოპარკის სამუშაო სივრცე, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) – უახლესი დანადგარებით  დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე მოდელირებისა და პროტოტიპირებისთვის. გაეცნო ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მუშაობის პრინციპებს.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2021 წლის 5 მაისს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პოლტავის სავაჭრო-სამრეწველო პალატას  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და პოლტავის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ბორისენკომ.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შემდეგ შესაძლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ: ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზება; სავაჭრო პალატისა და ბიზნეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების ჩართვა ერთობლივ და ინდივიდუალურ პროექტებსა და ღონისძიებებში; მხარეთა საქმიანობის რეგიონებში ქართული და უკრაინული საწარმოების საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა; ორმხრივი მარკეტინგული მომსახურების მიწოდება, მათ შორის ბაზრის კვლევა, მოთხოვნა და პროდუქციის ფასი; ინფორმაციის გაცვლა მხარეთა სამეწარმეო სუბიექტებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; სავაჭრო პალატისა და ბიზნეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ეკონომიკურ აქტორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

 

ვიზიტი ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს აჰმად მადფას შეხვდა.
საელჩოში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისა და ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნების ნაყოფიერ თანამშრომლობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით.
პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
ელჩმა თავის მხრივ, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერების სურვილი დაადასტურა და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა, მათ შორის იყო -ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ ბენდერ-აბასსა და ბათუმს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება და ბენდერ-აბასისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობა.
მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ვებინარის საშუალებით აქტიურ კომუნიკაციაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი კონსული ბათუმში მოჰამად რეზა ყორბანიანი.

ონლაინ შეხვედრა კიევის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და კიევის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეები აჭარისა და კიევის პალატების საქმიანობასა და არსებულ სერვისებს გაეცნენ.

2005 წელს კიევისა და აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ხაზი გაუსვა პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.

კიევის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნიკოლაი ზასულსკიმ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ბიზნეს დელეგაციების გაცვლითი ვიზიტები ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორში თანამშრომლობის გააქტიურებას.

მხარეებმა ისაუბრეს გლობალური პანდემიის გამო შექმნილ სირთულეებსა და გამოწვევებზე, ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები

შეხვედრაში მონაწილეობდა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ტუღუში

შეხვედრა მეფუტკრეებთან

დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ინიციატივით მეფუტკრეებთან და თაფლის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო დარგში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვა და ერთობლივად გადაჭრის გზების დასახვა.

მეფუტკრეებს მიესალმნენ აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ბოლქვაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციონისტმა მეფუტკრეობაში როლანდ ღოღობერიძემ ისაუბრა  დარგის განვითარების თანამედროვე მიდგომებზე, აღნიშნა, რომ დარგი უნდა ვითარდებოდეს ქვემოდან ზემოთ და  არსებული პრობლემების  გადაჭრის გზები უნდა დაისახოს ასოციაციებში.

ასოციაციის წევრმა, გიორგი ბერუჩაშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია მეფუტკრეობაში არსებული სირთულეების შესახებ, ისაუბრა დარგის პერსპექტივებსა და დაგეგმილ აქტივობებზე.

შეხვედრა აქტიური მსჯელობის ფორმატში მიმდინარეობდა.