12.07.2021 აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჟიტომირის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ უკრაინის, ჟიტომირის მხარის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ანდრეი მიხაილოვს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
ბ-მა ანდრეი მიხაილოვმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ჟიტომირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: სამრეწველო და სასურსათო საქონლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ექსპერტიზა; სახალხო მოხმარებისა და საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების საქონლის შეფასება; ბროკერული მომსახურება; სასაქონლო კოდების დადგენა ნაწარმოებ პროდუქციაზე და სხვა.
თავის მხრივ, ბ-მა გიორგი რომანაძემ დაწვრილებით ისაუბრა აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაზე, ფუნქციებსა და მიზნებზე.
შეხვედრაზე აჭარის ა/რ და ჟიტომირის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და ჟიტომირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ანდრეი მიხაილოვმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ჟიტომირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი იულია პერეპელიცა, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ჯუმბერ ტუღუში და ნუგზარ მიქელაძე.