საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით შრომის კანონმდებლობის გამოწვევებსა და საჭიროებების თემაზე ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნა საქართველო სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ. მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი სურმანიძე.
შეხვედრაზე ისაუბრეს შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციებსა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, შრომის ინსპექტირების დაწყების საფუძვლებზე, დამსაქმებლის ვალდებულებებსა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობებზე. ასევე იმსჯელეს შრომითი ხელშეკრულების დადების პირობებსა და მისი შეწყვეტის კანონიერ საფუძვლებზე. შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა.
დღის ბოლოს მეწარმეები ვიზიტით კომპანია “სტარარჯი”-ში იმყოფებოდნენ. კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა მეწარმეებს სამუშაო პროცესი გააცნო და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.