ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნეს ფორუმი აჭარაში

494
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ბათუმში გაიმართა ბიზნეს ფორუმი აზერბაიჯანის ბიზნეს დელეგაციისა და აჭარაში მოქმედი ბიზნესმენების მონაწილეობით. აზერბაიჯანულ დელეგაციას წარმოადგენდა 20-მდე სხვადასხვა ბიზნეს სფეროს წარმომადგენელი. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ასოციაცია ‘’ეკონომიკური თანამშრომლობა ევროპასთან’’ (CASPIAN ENERGY CLUB) საბჭოს თავმჯდომარე თელმან ალიევი.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ. მონაწილეებს მიესალმნენ ასოციაცია ‘’ეკონომიკური თანამშრომლობა ევროპასთან’’ (CASPIAN ENERGY CLUB) საბჭოს თავმჯდომარე თელმან ალიევი, აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში პარვიზ ისმაილზადა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.
აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა წარადგინეს საკუთარი თავი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
შეხვედრაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა პრეზენტაცია და დელეგაციის წევრებს გააცნო რეგიონის საინვესტიციო გარემო და პოტენციალი, ასევე ქართველი ბიზნესმენები გაეცნენ აზერბაიჯანული კომპანიების პრეზენტაციებს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ორმხრივი B2B შეხვედრები ორი ქვეყნის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების და განვითარების მიზნით.