ონლაინ შეხვედრა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბელარუსის სავაჭრო პალატის გროდნოს განყოფილების ხელმძღვანელებს შორის.

991

2021 წლის 14 სექტემბერს  შედგა ონლაინ  შეხვედრა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა  და ბელარუსის სავაჭრო პალატის გროდნოს განყოფილების ხელმძღვანელებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა ისაუბრეს აჭარისა და გროდნოს პალატების არსებულ და მომავალ თანამშრომლობაზე. გამოიკვეთა მიმართულებები, სადაც უახლოეს დროში შესაძლებელია ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობა ქართველ და ბელარუს ბიზნესმენებს შორის:ტურიზმი, ბინათმშენებლობა, ციტრუსოვანთა ნაყოფის ექსპორტი აჭარიდან. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და საინტერესოა ბელორუსის გროდნოს ოლქში მოღვაწე ბიზნესმენებისთვის.

გროდნოს პალატის გენერალურმა დირექტორმა მიროსლავ საროსეკმა  გამოთქვა სურვილი  რეგიონში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებთან ერთად ეწვიოს აჭარას და გაიმართოს B2B შეხვედრები ქართველ და ბელარუს მეწარმეებსა და ბიზნესმენებს შორის.

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე მიესალმა ამ წინადადებას და თავის მხრივ დაარწმუნა კოლეგები, რომ მათი სტუმრობა მაქსიმალურად ნაყოფიერი იქნება და მისცემს შესაძლებლობას მხარეებს გაფორმდეს კონკრეტული ხელშეკრულებები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობა კიდევ უნდა გაფართოვდეს, რაც ითვალისწინებს ორი ქვეყნის ბიზნესმენთა შესაძლებლობების მონიტორინგს პალატების მხრიდან, იმპორტ-ექსპორტის, ტრანზიტისა და არსებული სხვა შესაძლებლობების გამოყენებით, რაზედაც მხარეები ერთობლივად შეთანხმდნენ.