ახალი კორონავირუსით (SARS CoV 2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID 19) დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

2030

ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის, რომელზეც ვრცელდება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა უსაფრთხო ტრანსპორტირება შემდეგი წესების დაცვით:

🔵 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას, მძღოლის ჩათვლით ნებადართულია 3 პირის გადაადგილება. ასეთ შემთხვევაში მგზავრების განთავსება უნდა მოხდეს მძღოლის უკანა სავარძელზე, შესაბამისი დისტანციის დაცვის შესაძლებლობის გათვალისწინებით;

🔵 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულთა გადაადგილების შემთხვევაში, სავარძლებზე მგზავრების განთავსება უნდა განხორციელდეს ჭადრაკისებურად;

🔵 ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულებისთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია;

🔵 ტრანსპორტით გადაადგილებისას, დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი თვალის/სახის დამცავი ფარი);

🔵 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;

🔵 დამსაქმებელმა ან მისმა წარმომადგენელმა, უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირებამდე დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდება, დადგენილი სტანდარტების შესახებ და გააცნოს ჰიგიენური საშუალებების სწორად მოხმარების წესები;

🔵 ავტომობილით გადაადგილებისას, უნდა ხდებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის ბუნებრივი ვენტილაცია;

🔵 გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებული ინვენტარის სანიტარული დამუშავება ყოველი შესრულებული სამარშუტო ხაზის შემდგომ, მაგრამ არაუმეტეს მგზავრების გადაყვანამდე 10 საათით ადრე;

🔵 გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებში უნდა არსებობდეს დახურული კონტეინერი;

🔵 M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას, შესაძლებლობის გათვალისწინებით, უნდა მოეწყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან;

🔵 აღირიცხოს ყოველ ჯერზე ერთ ჯგუფად გადაყვანილი მგზავრები სახელების, გვარების და თარიღის მითითებით.